ბონდო სოფრომაძე უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

11/01/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი ფანჩულიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც „მაკლეინის ზამთრის ბანაკი ძევრის სკოლა 2018“ ფუნქციონირებს და მოსწავლეთა მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ. ბოლოს კი მოსწავლეებთან ერთად ბეისბოლის რამდენიმე ილეთის შესრულებაშიც მოსინჯეს ძალა.
ინგლისურენოვან ბანაკში, რომელიც კვირის ბოლოს დასრულდება, ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის უცხო ენის შემსწავლელი ცენტრის „რაუნდაფისა“ და საზანოს სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულნი.
ღონისძიებას, რომელსაც სოფელ ძევრის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავდროულად სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის უშანგი სოფრომაძის შვილებიც ესწრებოდნენ, ვისი სახელიც 2016 წელს ძევრის საჯარო სკოლას მიენიჭა.
„ერთმანეთს დაპირებები უნდა შევუსრულოთ. მე თქვენ ექსკურსიას დაგპირდით და შეგისრულეთ. ახლა კი თქვენგან ვითხოვ დაპირებასა და პირობის შესრულებას. ისე უნდა ისწავლოთ და ისეთი პროფესიონალები გამოხვიდეთ, რომ თქვენით იამაყოს არა მარტო სოფელმა და რაიონმა, არამედ სრულიად საქართველომ. ჩვენი, ადგილობრივი ხელისუფლების შრომის მთავარი მიზანი მომავალი თაობის უკეთესი მომავლისათვის ზრუნვაა და გვიგულეთ თქვენს სამსახურში ნებისმიერ დროს“-მიმართა დამსწრე საზოგადოებას ბონდო სოფრომაძემ.
სკოლის მოსწავლეებთან და ძევრის სკოლის ამერიკელ პედაგოგ რეიჩელ გაგნონთან ერთად, პროექტებს მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის შვიდი მოხალისე პედაგოგი გეგმავს და ახორციელებს. ბანაკი „მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის მხარდაჭერით“ რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0