გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

07/03/2017

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა მიიღო.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ნიკ გურს უწყებაში განხორციელებული რეფორმირების პროცესი გააცნო. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) რეფორმირების პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალიანსის წევრების, ასევე პარტნიორი ქვეყნების პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა და ნიკ გურს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების გამო მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ წვრთნებში ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობის, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობისა და სხვა საკითხებზე გამახვილდა.
მინისტრის პირველ მოადგილესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნიკ გურმა უწყების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ მასპინძლებს გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0