განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის

26/05/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. დავით ნარმანია ოჯახთან და თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე სხვადასხვა ინსტალაციით წარმოდგენილ სივრცეს ესტუმრა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.
„განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ექნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული უნიკალური სტენდები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს კარგად დაამახსოვრდება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, რომელსაც თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0