გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13/12/2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალმა წარმომადგენლებს მიმართეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გააკეთონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, გუბერნიის ადგილობრივ თვითმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ პირველი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი დაესწრნენ.
ბოშათა თემის წარმომადგენლის ელენე პროშიკიანის თქმით, ბოშათა დასახლების მთავარი პრობლემა წყალი, ელექტროენერგია და საგზაო ინფრასტრუქტურის არ ქონაა. მისივე განცხადებით, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, რაც მოსახლეობას საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. მუნიციპალიტეტის მერი დაჰპირდა პროშიკიანს, რომ შეეცდება ინფრასტრუქტურული და კომუნალური პრობლემების მოგვარებას, რაც შეეხება საბავშვო ბაღს, სოფელ აღთაკლიაში უკვე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსახლეობას ბაღის პრობლემა მოეხსნება.
გარდაბნის „ქალთა ოთახის“ მენეჯერის ლელა ბენდელიანის განცხადებით, მას შესწავლილი აქვს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები. მან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისი განცხადებით, კლინიკა „სანოს“ ხელმძღვანელობა მზადაა, ბოშათა დასახლებაში მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტაროს. მერმა მადლობა გადაუხადა კლინიკა „სანოს“ მთავარ ექიმს ზურაბ მეტრეველს ასეთი ინიციატივისთვის და განაცხადა , რომ მუნიციპალიტეტი დააფინანსებს მსურველების კლინიკამდე ტრანსპორტირების ხარჯებს.
ასირიული თემის პრობელემებზე ისაუბრეს ლელა ბენდელიანმა და დიმიტრი ლაზარმა, მათი განცხადებით, მოსახლეობის მთავარი პრობლემა დასაქმებაა.ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ბექა ჟღ ენტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით 2018 წელს ბევრი პროექტია დაგეგმილი.
საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება ა(ა)იპ „ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ დირექტორმა ჯემალ დავითაძემ. მისი განცხადებით გარდაბანში ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა. ამ ეტაპზე 25 ბაღი ფუნქციონირებს და დამატებით 7 ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგაც გარდაბანში არ დარჩება არც ერთი დასახლებული პუნქტი, სადაც ბაღი არ იქნება.
გარდაბნის რესურსცენტრის უფროსის ნინო გვარამაძის განცხადებით, გარდაბანში ქართული ენის შესწავლის პრობლემა არ არის, რადგან ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“. შეხვედრის დასასრულს რამაზ ბუდაღაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს ჩართულობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ხშირად ჩაერთოს მსგავსი ტიპის შეხვედრებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0