გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

16/12/2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე, მონიკა ლენჰარდი და საქართველოში გერმანიის პოლიციის ატაშე, შტეფან ელერტი.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს და თბილისში გერმანიის პოლიციის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას. მხარეებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
გიორგი გახარიამ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0