გიორგი კვირიკაშვილი ირანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

09/10/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალი რაბიეის შეხვდა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში იმყოფება.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
ყურადღება დაეთმო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ირანს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობა, რომლის მეექვსე სხდომა ხვალ თბილისში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0