გიორგი მარგველაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა

27/04/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კამპანიის “მოითხოვე ქართული“ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ფოკის დედათა მონასტერთან არსებული მაღაზია მომხმარებელს ნატურალური ქართული პროდუქციის – ჯემების, მურაბების, ტკბილეულის, ჩაის, საიუველირო ნაწარმის, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
დღესვე პრეზიდენტმა კომპანია “ჯორჯიან ბიზნეს ზონაც” დაათვალიერა, რომელიც 2008 წელს ფონდის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
კომპანია ამ ეტაპზე უკვე 350 -მდე ფერმერისაგან იბარებს ნედლ რძეს და რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.
საქართველოს პრეზიდენტმა კომპანიის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში ექმნებათ. საკითხი ძირითადად რეალიზაციის ეტაპზე შექმნილ, კონსიგნაციის პრობლემას შეეხებოდა, რომელიც მეწარმეთა აზრით, პროდუქციის წარმოების პროცესსაც აფერხებს.
საკითხში გარკვევის დავალება გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძეს მისცა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენს შეხვდება და პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას შეეცდება.
როგორც მაია მელიქიძემ აღნიშნა, მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ქართველ მწარმოებელს აქვს და აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს.
მაია მელიქიძის განცხადებით ქართული წარმოების გაძლიერებით, საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0