გიორგი მარგველაშვილმა ,,სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

05/02/2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამზე ,,სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა: უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ეროვნული მედეგობის მექანიზმებს, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლს ეროვნული მედეგობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხებში.
ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, 6 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში გაიმართება კონფერენცია – „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“, რომელშიც თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაო სესიაში „როგორ გავზომოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ეროვნული მედეგობა“ მონაწილეობას მიიღებენ:
• პროფესორი შაულ კიმჰი – ისრაელის თელ ჰეი კოლეჯი, ფსიქოლოგიის განყოფილება
• დავით რაქვიაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
• ლაურა თორნტონი – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი
• ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენ.შტაბის უფროსის მოადგილე
• ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ეფეს ჯორჯია – სს “ლომისი”
• თომა ჩაგელიშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი და რეჟისორი
• ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
სამუშაო სესიის შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2016 წელს შექმნილი „სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0