გრიგოლ ნემსაძე ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

31/01/2018

რუსთავში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს და ბიზნესის სფეროში არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
ორგანიზატორებმა მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

“მისასალმებელია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრას ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონი მასპინძლობს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, დიალოგის რეჟიმში, ღიად ვისაუბროთ სფეროში არსებულ საჭიროებებზე. ჩვენ მუდმივად მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას რეგიონში“-განაცხადა შეხვედრის შეფასებისას გრიგოლ ნემსაძემ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომებს საქართველოს რეგიონებში 2017 წლიდან ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთში, კახეთსა და აჭარაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0