დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

09/10/2017

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკითხი განსახილველად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ წარუდგინა კომიტეტს.
მისი განმარტებით, ცვლილების მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივე მონაწილეობით, და რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.
მომხსენებლის თქმით, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით დაზღვევა განისაზღვრა საფინანსო სფეროს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად.
მისი განმარტებით სავალდებულო დაზღვევის სახეობა, როგორც ალტერნატიული სოციალურ-ეკონომიკური ბერკეტი, მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას და ქმნის საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას. სწორედ აქედან გამომდინარე გახდა საჭირო წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0