დიდ ბრიტანეთში საქართველო ელჩი პირველი ოფიციალური ვიზიტით გიბრალტარს ეწვია

02/10/2017

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით გიბრალტარს ეწვია. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გიბრალტარის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება.
თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა გიბრალტარის გუბერნატორთან და მთავარსარდალთან გენერალ ლეიტენანტ ედვარდ დევისსა და მთავარ მინისტრთან ფაბიან პიკარდოსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გიბრალტარს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ელჩმა ასევე გამართა შეხვედრები ფინანსთა მინისტრთან ალბერტ ისოლასთან, მინისტრთან სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საკითხებზე სტივენ ლინარესთან, მინისტრთან გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე კორტესთან, ავიაციის, ტურიზმისა და საზღვაო ძალების სამინისტროს წარმომადგენეთან ჯულიან ბალდაჩინოსთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და გიბრალტარს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა გიბრალტარის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს კრისტიან ჰერნანდესსა და აღმასრულებელ დირექტორს ედვარდ მაკისტენს. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და გიბრალტარის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების დამყარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირებას.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ეწვია ადგილობრივ უნივერსიტეტს. საქართველოს ელჩის საპატივსაცემოდ გაიმართა მიღება, რომელსაც გუბერნატორსა და მთავარ მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ გიბრალტარის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0