ეროვნულ გალერეაში გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო-რესტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

16/12/2017

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო-რესტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა.
ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას – ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა.
გივი თოიძეს მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის „დღესასწაული ხევსურეთში“, დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება.
გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: პიტერ ლუდვიგის გალერეაში (გერმანია), ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც.
გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და იგი 16 იანვრამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0