ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში

05/02/2018

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი, „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და თბილისის მერი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრა ევროპის ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა. თეა წულუკიანმა და კახა კალაძემ სანჯეი პრადანთან განიხილეს მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს ჩატარდება.

რა აქტივობებია დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში; როგორ ხედავს „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა პარტნიორობის პრიორიტეტებს, რა იქნება სამიტის ძირითადი თემები და როგორ ემზადება ქალაქი თბილისი ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისათვის − ამ საკითხებზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელ დირექტორთან.

„ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ჩვენ ველით ამ დიდ სამიტს, რათა საქართველომ უჩვენოს თავისი მიღწევები და შედეგები“, − განაცხადა სანჯეი პრადანმა.

საქართველომ გლობალური სამიტისათვის სამზადისი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელით, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ „OGP“-ის წევრი 75 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარტნიორობის მონაწილე ქალაქების მერებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0