ზესტაფონში უძველესი ქრისტიანული რიტუალის, ალილოს მსვლელობა მოეწყო

07/01/2018

7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, ზესტაფონში უძველესი ქრისტიანული რიტუალის, ალილოს მსვლელობა მოეწყო. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა – კურთხევით, საშობაო მსვლელობა, ტრადიციულად საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას, სასულიერო პირები, მგალობლები და მრევლი იღებდა. პირველი ძღვენი, ალილოს მონაწილეებს, თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ გადასცა. როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ზესტაფონი ინარჩუნებს ტრადიციას და ჩართულია საერთო დღესასწაულში. ქველმოქმედება ყველაზე გამორჩეულია ქრისტიანულ სათნოებათა შორის და შობის დღესასწაულზე გაღებული მოწყალება, განსაკუთრებული სიხარულია, რადგან ალილოს მონაწილეები, ყველას ახარებენ განკაცებული მაცხოვარის შობას“. ალილოს მსვლელობის დასასრულს, შეგროვილი ძღვენი, მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს დაურიგდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0