თბილისის მერის მოადგილე სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა

03/02/2018

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თბილისის სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელოვნების დარგების სტრატეგიული განვითარების მიზნით, ადგილობრივ სკოლებში ჩატარდეს კვლევა, რის შედეგადაც, სტრატეგიული მიმართულებები განისაზღვრება.

„34 სახელოვნებო სკოლის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა. ჩვენ სამუშაო რეჟიმში გადავედით იმისთვის, რომ ის პრობლემები გამოვკვეთოთ, რაც სახელოვნებო სკოლებს აქვთ. საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა შედგა. ყველა ხელმძღვანელმა უშუალოდ საკუთარი სკოლის პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მერის მოადგილის თქმით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესი სწორი მიმართულებით წარიმართოს და აღსაზრდელებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრას სოფიო ხუნწარია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0