თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისზე მზრუნველები დააჯილდოვა

07/10/2017

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისზე მზრუნველები დააჯილდოვა.
“თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს უკვე მეოთხედ იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიასა და ქალაქს. ზრუნავენ და წვლილი შეაქვთ დედაქალაქის განვითარებაში.
ყოველწლიურად „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების დასახელება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო და ნომინაციაში გამარჯვებულები წელსაც, გასული წლების მსგავსად, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
„თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს 9 ადამიანმა მიიღო. ესენი არიან: ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დავით გრძელიძე, რომელიც 1981 წლიდან აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს, „კომპანია ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენელი და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი დავით შონია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ელ. დეპო „ნაძალადევის“ №1 კომპლექსური შეკეთების და მომსახურების საამქროს ტექნიკოსი ელგუჯა მარკოზიშვილი, რომელიც გახსნის დღიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელია, რესტავრატორი ლევან რევაზაშვილი – უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა მწერალთა სახლის შიდა აივნები, გარე ფასადის ფანჯრები, შიდა დარბაზები (თეთრი დარბაზი და კაკლის ოთახი). მისსავე სახელს უკავშირდება ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში საგამოფენო ვიტრინების რესტავრაცია. ამჟამად, მუშაობს რომის ქუჩა N 2-სა და დადიანის ქუჩა N 34-ში მდებარე ისტორიულ სახლებზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა – იგი თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე, მზია ნადირაძე, რომელიც 40 წელია ძალას არ იშურებს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების, ციალა ჩხაიძე – 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც 51 წელია საკუთარი საქმის ერთგულია და ჰამლეტ ჟიჟიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – უშუალოდ კურირებდა პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს და დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
“უკვე მეოთხე წელია, ჩემი ინიციატივით, შემოდგომის დღესასწაულის ფარგლებში, დავაწესეთ ჯილდო – თბილისზე მზრუნველი! ამით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში! თქვენთვის, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი ადამიანები თავიანთი საოცარი ისტორიებით ქმნიან ღერძს, რომლის გარშემოც მოძრაობს და ცოცხლობს ჩვენი თბილისი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0