თეა წულუკიანმა უნგრეთის ელჩი მიიღო

06/10/2017

იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვათი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ელჩს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა – ეს ის თემებია, რომლებზეც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. ვიქტორია ჰორვათი უნგრეთის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0