ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

26/02/2017

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს და მათ მეუღლეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვახშამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი ესწრებოდნენ.
დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, საქართველოს 24 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთან და კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს.
კონგრესის დელეგაცია თბილისს 26 თებერვალს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0