ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

03/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 3-10 თებერვალს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან, წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელებთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
შეხვედრები გაიმართება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტ უილიამ სვინისთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან და აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

„დაგეგმილია ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებს გავმართავ ჩვენს კოლეგებთან კონგრესში და სენატში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0