ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

05/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესახებ კონკრეტულ წინადადებები იქნება განხილული. ასევე, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. როგორც აღინიშნა, ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების სიმყარეზე მეტყველებს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მეგობრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილემ ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0