ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

24/01/2018

საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
საპარლამენტო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც საქართველოსა და სომხეთში საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილე ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.
ირაკლი კოვზანაძემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ გაგიკ მინასიანმა მათ ქვეყნებში არსებულ საბიუჯეტო პროცესებზე, ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკაზე, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასა და ამ პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრეს.
სომხური მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობის საკითხებით და კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის საქმიანობით.
მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო ეფექტურად განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ სომეხი კოლეგების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გავეცით პასუხი და შესაბამისად, მოვისმინეთ მათი გამოცდილება. ამ მიმართულებით მომავალში მუშაობას გავაძლიერებთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს პარალელური ვიზიტი სომხეთის პარლამენტში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.

შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, კომიტეტის წევრი გოგი მეშველიანი, GIZ-ის პროგრამის PFM-ის მრჩევლები – ინგა სინჯიკაშვილი და ჰოვანეს მარგარიანცი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0