იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები დოქტორ ვოლფგანგ ბერს შეხვდნენ

03/10/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლე, დოქტორ ვოლფგანგ ბერს შეხვდნენ.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სამუშოა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და ახლა უკვე აუცილებელია დროულად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება.
„შეხვერის მიზანია ჩამოვყალიბდეთ იმ პრინციპებზე, რომელიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და გარკვეული მიმართულება მოგვცა საკანონმდებლო ორგანოს რა უნდა შეიცვალოს ამ მუხლში. საკმაოდ სპეციფიური, რთული და მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ დროულად უნდა მოვახერხოთ ზუსტი გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ ასევე დროულად დავიწყოთ ამ ცვლილებების ინიცირება“,-აღნიშნა ეკა ბესელია.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია დოქტორ ვოლფგანგ ბერის დახმარება და ექსპერტიზა 136-ე მუხლთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც სასამართლო ხელისუფლების ინტერესი ძალიან მაღალია ამ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო, როგორც სამართალწარმოების ორგანო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, არის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 136-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო, სასამართლოს მოუწია ამ დაურეგულირებელი ფორმატის ფონზეც მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება კომპიუტერული მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) საქართველოს პროექტების მენეჯერმა, ნატა სანადირაძემ.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანიობაში ჩავრთულიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგვემზადებინა გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით დასკვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნატა სანადირაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მომზადებული ცვლილებები უნდა ეფუძვნებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება;
სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების გარანტირება;
სისხლის საამრთლის პროცესში შეჯიბრებითობა და თანასწორობის უზრუნველყოფა;
დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებათა ადეკვატური რეალიზებისთვის სათანადო საკანონმდებლო გარანტიები;
მხარეთა შორის მტკიცებულებების მოპოვების თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
ბრალდების მხარის არგუმენტების გაბათილებისთვის დაცვის მხარის ადეკვატური შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
გონივრული ბალანსის დაცვა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის;
განსხვავებული სტანდარტის დადგენა ელექტრონული მონაცემების ხელმისწვდომობაზე მათი შინაარსობრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ღონისძიების მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვარის გადაწყვეტილების ძირითად აქცენტებზე ესაუბრა.
ამის შემდეგ, გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, დოქტორ ვოლფგანგ ბერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ექსპერტების დასკვნა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
რამდენად სწორია მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის გარეშე მხოლოდ პროკურორის/გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე;
რამდენად სწორია ყველა სხვა კომპიუტერული მონაცემი, რომელიც არ შედის ოთხი სახეობის კომპიუტერულ მონაცემში (ელექტრონული კომუნიკიციის შინაარსობრივი მონაცემები; ელექტრონული კომუნიკიციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; საბანკო და კომერციული საიდუმლოება, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) ბრალდების მხარემ გამოითხოვოს სასამართლოსთვის შუამდგომლობთ მიმართვის გარეშე, წერილობით;
რამდენად სწორია პირდაპირი აკრძალვა დაუწესდეს დაცვის მხარეს, გამოითხოვის კამერის ჩანაწერი ან სხვა კომპიუტერული მონაცემი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტიდან; ხომ არ უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში რეგულაცია, რომელიც დაადგენს, რომ ამ სუბიექტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა დაცვის მხარის მიერ მოხდეს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე; უნდა იმსჯელოს თუ არა სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად მიზანშწონილია ამ სუბიექტებიდან კამერის ჩანაწერის ან სხვა კომპიუტერული მონაცემის დაცვის მხარისთვის გადაცემა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დოქტორმა, ვოლფგანგ ბერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეგულაციები გერმანული და ევროპის სამართლის მიხედვით.
პრეზენტაციის შემდეგ, ვოლფგანგ ბერმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეებს ამერიკული გამოცდილება გააცნო.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა და ასევე, ამ პროცესში ჩართულმა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამზადებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებებს, კერძოდ ეს ეხება კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამუშაო ჯგუფის შექმნა განაპირობა 2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ჩანაწერს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში, შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0