იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

07/12/2017

კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომლებიც მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ, სამინისტროების შერწყმასა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საბოლო – მესამე მოსმენით განიხილა.

საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გამოიტანა. კანონპროექტებში გათვალისწინებულა განხილვის შედეგად გამოთქმული რედაქციული ხასიათის შენიშვნები. საბოლოოდ, კომიტეტმა გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

სხდომაზე ასევე მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრ ირაკლი სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიზანია, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სავალდებულო სამხედრო მომსამსახურეთათვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები გავრცელდეს ასევე სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების (საკონტრაქტო და კადრის სამხედრო მოსამსახურე) მიმართ. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, მეორე მოსმენის შედეგად შენიშვნები არ ყოფილა გამოთქმული, დეპუტატებს კანონპროექტის მიმართ არც რედაქციული ხასიათის შენიშვნები ჰქონდათ და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტმა დღესვე რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მსგავსად უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, შეუნარჩუნდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. კომიტეტის წევრებმა, იდეის დონეზე ამ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს. აღინიშნა, რომ მისი დახვეწა სამუშაო პროცესში მოხდება.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თ. კორძაიასა და ხ. სამნიძის საკანონმდებლო წინადადებას ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა ამნისტიის შესახებ იმ მოტივით, რომ ლიბერალური დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ ისედაც დაფიქსირებულია, ამასთანავე პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი ნარკოპოლიტიკის თაობაზე და საკანონმდებლო წინადადება ფაქტობრივად კონტექსიდან ამოგლეჯილია.

კომიტეტმა ასევე არ დაუჭირა მხარი თ. რეხვიაშვილის საკანონმდებლო წინადადებას მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თაობაზე. დამატებითი კონსულტაციებისთვის გადაიდო მოქალაქე ავთანდილ შენგელიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობებს ეხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0