კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებული გურიის რეგიონი გახდა

02/12/2017

2017 წლის კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებული გურიის რეგიონია. დღეს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე სიგელით და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
მერაბ ჭანუყვაძე: „ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის აქტიურად იყო და მომავალშიც იქნება ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში. დღეს სასიხარულო ფაქტის მომსწრეა გურიის რეგიონი მოსახლეობა, რადგან სწორედ ჩვენი რეგიონი გახდა კონკურსის „სუფთა რეგიონის“ ერთერთი ნომინაციის გამარჯვებული. მოგენიჭოს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება წუთით მოვდუნდეთ და საფრთხე შევუქმნათ ამ სტატუსს; ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და მაქსიმალურად ბევრი ვიშრომოთ, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. აქვე დავსძენ, რომ ფასდაუდებელია დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლების შრომა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სუფთა გარემოს შესაქმნელად. ჩვენი რეგიონი აქტიურად თანამშრომლობს პროექტთან „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III” და ჩართულია ყველა იმ გარემოსდაცვით სამიანობაში, რაც გურიის რეგიონში ხორციელდება. იქნება ეს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებაზე ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლება; დასუფთავების აქციებში მონაწილეობის მიღება და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ გურიის რეგიონი ერთადერთი რეგიონია, სადაც შემუშავებულია ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები, რაც ერთერთი წინგადადგმული ნაბიჯია გარემოსდაცვის კუთხით. დიდი მადლობა კონკურსის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს, კონკურსის ჟიურის, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად ჩართული იყო კონკურსის მიმდინარეობაში. აქვე ვულოცავ დანარჩენ ნომინაციაში გამარჯვებულებს. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გურიის რეგიონმა ღირსეულად ატაროს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი.“
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოში ჩატარდა, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მოწვეული სტუმრები.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, გამოვლინდა ნომინაციაში გამარჯვებულები: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – გურიის მხარე; ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – კასპის მუნიციპალიტეტი; ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ქალაქი ზუგდიდი; ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – პაატა გოგელიას ეზო (ქალაქი ზუგდიდი). კონკურსის ფარგლებში სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე, ლამაზი ეზოს ნომინაციაში კახა დარასელია, მიხეილ ჭკადუა (ქ. ზუგდიდი) და ავთანდილ ტუხაშვილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სიგელები გადაეცათ ასევე, ქ. ზუგდიდის აიიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“ განსაკუთრებული აქტიურობისთვის, კახეთის გუბერნიასა და შპს „თბილსერვისჯგუფს“ პროექტის მხარდაჭერისთვის. საკრებულოს დარბაზში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც გამარჯვებული კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები იყო გამოფენილი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0