კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს

04/10/2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს. 2015 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდგომაც წარიმართება. ისტორიული შრეების 2 წლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქები გამოვლინდა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ის ხელახლა დაკორექტირდა. ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან. სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფი კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოებს გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
არქეოლოგიური კვლევისას ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მოქალაქეების სამარხის ძვლები, რომელთაც დახვრეტის კვალი აშკარად აღენიშნება,სააგენტოს ინიციატივით, სამომავლოდ ტაძრის გალავნის მიღმა მოწყობილ სპეციალურ სამარხში საკადრისი პატივით დასვენდება. ამ პროცესის განხორციელების შემდეგ კი კუმურდოს ეკლესიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები სრული მასშტაბით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0