ლევან დავითაშვილი WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

27/10/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბინინ ვანგს შეხვედა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქციის ბრენდირების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წლები) გათვალისწინებული პრიორიტეტია. „ჩვენ თანმიმდევრული მარკეტინგულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ისეთ ბაზრებზე, რომელთა დივერსიფიკაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შევძელით. ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებითაც აქტიური სამუშაოებია დაგეგმილი. აგროსასურსათო პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დაცული აგროწარმოშობების სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიმედოობისა და სანდოობის გასაჩენად, უკვე ცნობად პროდუქტს სწორი ადმინისტრირება სჭირდება. ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე ქართული პროდუქციის რეგისტრაცია, მისი დაცვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის გარანტიას ქმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყანაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბინინ ვანგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების მიმართულებით WIPO-სა და საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი თანამშრომლობა. შეხევდრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ბრენდინგის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0