მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიღებას დაესწრო

04/10/2017

აქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში კანადის ელჩმა კრისტოფერ კუტერმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) და ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

„დღეისათვის ჩვენ ვსარგებლობთ კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ არსებობს უაღრესად დიდი პოტენციალი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა კანადის ურყევ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების წარმატებული პროცესის მიმართ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა 2017 წელი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის, რადგან ერთი მხრივ, აღინიშნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მეორე მხრივ კი, წელს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს, ხოლო კანადა – კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კანადის ეროვნული დღესასწაული – კონფედერაციის დღე- საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0