მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საერთაშორისო ასპარეზზე სუამი ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა

08/10/2017

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის მნიშვნელობასა და მინისტერიალის შედეგებზე საიუბილეო სესიის შემდეგ სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა განვლილი 20 წლის განმალობაში ორგანიზაციის განვითარებას და აღნიშნა, რომ სუამი ამ ხნის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე სრულფასოვან და ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს წარმატებულ თანამშრომლობას, „20 წლის წინ, ოთხმა მეგობარმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა სუამ-ის ფორმატის დაარსებას, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისათვის. გასული წლების მანძილზე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სუამ-ი გარდაიქმნა სრულფასოვან რეგიონალურ ორგანიზაციად, რომლის ფარგლებშიც დღეს წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა,“ აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საიუბილეო სხდომაზე, მონაწილეებმა შეაფასეს როგორც განვლილ წლებში მიღწეული შედეგები, ასევე დასახეს და შეიმუშავეს ერთობლივი სამომავლო ხედვა ორგანიზაციის კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული საქმიანობისთვის.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სუამ-ის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში სპეციალურად ჩამობრძანებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება არა მხოლოდ სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი საგანგებო კომუნიკეს მნიშვნელობაზე „ეს დოკუმენტი ადასტურებს ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნებას, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მეტ შედეგს, ოთხივე ქვეყნისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, დღეს თბილისში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომას უმასპინძლა. ორგანიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სუამ-ის პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები, სუამის საპარლამენტო ჯგუფის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0