მოხარულები ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში

26/05/2017

„მოხარულები ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში – იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან და საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყებს მუშაობას. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს გაიხსნა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა მალე ინტეგრაციაში გადაიზრდება.
„გილოცავთ, პირველ რიგში 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე წლისთავს, სიმბოლურია, რომ დღეს თბილისში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რომელიც ალიანსის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. მოხარულები ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში – იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და მოხარულები ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის. მისი ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა დღეს, პაოლი ალისთან გამართული შეხვედრის შესახებაც და აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერნიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის საკვანძო საკითხები, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, ჩვენი შემდგომი დაახლოების გზები. ჩვენი მეგობრების მხრიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მოხარულები ვართ, რომ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ვუსურვო წარმატებული მუშაობა საქართველოს დედაქალაქში,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასამბლეის წევრები საქართველოში სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად იმყოფებიან.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება, იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“,- განაცხადა პაოლო ალიმ.
პაოლო ალის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში და ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი სამხედროების ავღანეთში, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღებაზე გაამახვილა. პაოლო ალიმ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონისთვის სტაბილური საქართველოს მნიშვნელობა.
„ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენსავე ქვეყნებს ვიცავთ გარკვეულწილად, ასე რომ, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით“,- განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა.
პაოლო ალის განცხადებით, ასამბლეის არსებობის ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როდესაც სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში იმართება.
„როგორც წესი, ჩვეულებრივი შემთხვევა არ არის, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები იმართება ნატოს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საქართველოში რეფორმირების გზაზე. ვიცი, რომ საუბარი გაქვთ შიდა საკითხებზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ბევრი რამ იცვლება. საქართველოს პოზიცია გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენი აქ ყოფნა ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა“,- განაცხადა პაოლო ალიმ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობის შეასხებ აღნიშნა გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმაც.
„ეს არის ძალიან კარგი საშუალება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, რომ გამოხატოს მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,- განაცხადა დევიდ ჰობსმა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვას მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოსთან არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ღირებულებები აერთიანებს. ირაკლი სესიაშვილმა დამსწრეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე-26 მაისი მიულოცა.
„მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში- ეს ჩვენი მეგობრის, ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში. მივესალმები ნატოს საპარლამენტი ასამბლეის თბილისში ჩატარებას და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, რა თქმა უნდა, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ დღეს უკვე სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატოს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით მივესალმები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტს საქართველოში და რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და პაოლო ალიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0