მცხეთაში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა

11/12/2017

დემოგრაფიული აღორძინებს ფონდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, მცხეთაში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს კათოლკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფორუმს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მრავალშვილიანი ოჯახები და მცხეთის მოსახლეობა ესწრებოდა.
დემოგრაფიულ ფორუმზე, იმ კრიზისულ ვითარებაზე იმსჯელეს, რაც დემოგრაფიის მხრივ საქართველოში არსებობს, ხოლო ფორუმის აუცილებლობა იმ კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელმა და ფონდის საპატიო თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, მიმოიხილა საქართველოში არსებული არასახარბიელო დემოგრაფიული ვითარება, აღნიშნა საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შესვლა და თუ ქვეყანამ მიზანმიმართული და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა არ აწარმოა, გარდაუვალ დემოგრაფიულ კრიზისის ფაზაში შევალთ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემცირება 2050 წლისთვის ემუქრება. ამ პროგნოზით, მოსახლეობა დაახლოებით 28%-ით მცირდება. საკმაოდ თვალშისაცემია რეგიონის ვითარება, როცა სხვა ეროვნების მოსახლეობის მატება ხდება, საქართველოს მოქალაქეები კი პირიქით,
მცირდებიან. მან იმ მასშტაბურ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სახელმწიფომ საკუთარ მოსახლეობასთან ერთად უნდა განახორციელოს.
დეპუტატმა არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებად 90-იანი წლებიდან პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, შიდა და გარე მიგრაცია, შობადობის დაბალი მაჩვენებელი, აბორტები, პატიმართა რიცხვის მატება და ნარკოვითარება დაასახელა.
ისაუბრა 4 წლის წინ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დემოგრაფიულ პოლიტიკის მხრივ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც.
მისი თქმით, ინიციატივა 11 მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, მთის კანონი, მაღალმთიან რეგიონებში ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მშობიარობის დაფინანსება, ორსულთა უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტებით, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა და სხვა.
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის, თამარ ჩიბურდანიძის შეფასებით კი დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების საკითხში თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს.
მცხეთაში დაწყებული დემოგრაფიული ფორუმი 19 დეკემბრამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება, 19 დეკემბერს კი ფორუმს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს და ბოლოს, ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეწვევიან.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა, უნივერსიტეტებმა და ორგანიზაციებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0