პარლამენტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით მიიღო

13/12/2017

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი. მანამდე კი ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.

„აღნიშნული პროგრამა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის სამ, ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ითვალისწინებს. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალური მიმართვა საინვესტიციო ხარჯების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრმა საერთაშორისო-სავალუტო ფონდის ანგარიშზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო-სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით.

„რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო-სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დადასტურებულია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც პროგრამის პირველი შეფასებისთვის იყო განსაზღვრული. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელს რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“.

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე საერთაშორისო-სავალუტო ფონდის ანგარიშში განხილულ რამდენიმე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ფონდის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:
არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაში დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი;
დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ;
საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მშპ-თან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაში;
საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალერულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს.

„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისთვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო-სავალუტო ფონდის პროგნოზებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური რისკების შეფასება სწორად ასახავდეს შესაძლო გამოწვევებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაიგეგმოს სათანადო რეაგირების მექანიზმები. მომავალი წლის, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 260.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%); აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 160 მლნ ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 170.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს. გრანტები – 364.2 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 385.0 მლნ ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, მთლიანი მოცულობა 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის და რჩება სტაბილურ დონეზე, 45%-ის ირგვლივ და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 60%-ს. 2016 წლისათვის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 44.6 პროცენტი შეადგინა.

მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 2017 წლის განახლებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 739,0 მლნ ლარით და 12,459.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრმა პროექტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოადგინა და პროგრამების დაფინანსებებზე გაამახვილა ყურადღება.
2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 527.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში – რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელულად, მთავრობა ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს, რომელებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი ჩამოყალიბდება.

„პრაქტიკაში განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა და საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო ანალიზი და კვლევა, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების ეფექტურობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მდგრადი ფისკალური პოლიტიკის წარმართვისათვის, აუცილებელია სწორი ფისკალური ჩარჩო წესების არსებობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომლზეც დაყრდნობითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ფისკალური წესების სრულყოფილი დანერგვის მიზნით. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება. როგორც მან აღნიშნა, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და მოიცავდა 36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება.

„36 ინდიკატორიდან, ქვეყანამ 18 ინდიკატორში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების წარდგენის შემდგომ მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკაში.
ფინანსთა მინისტრმა მომდევნო წლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზეც ისაუბრა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პროცედურის თანახმად 2018 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ფრაქციების, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებმა.
პარლამენტის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტს საფუძვლად რეალური ეკონომიკური ზრდის 4.5%-იანი პროგნოზი უდევს. მან 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მოცემულობა, როცა არ იზრდება საგადასახადო ტვირთი და ეს მაჩვენებელი ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით 26%-დან 25,3 %-მდე მცირდება, დადებითად უნდა შეფასდეს.
ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკური დანიშნულებისა და ბიზნესის დაწყების სტიმულირებისათვის განკუთვნილი ხარჯების ეფექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კუთხით ბიუჯეტი რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია როგორც კერძო, ასევე მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობების ზრდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებლები პირდაპირ თუ ირიბად მიმართული იქნება ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის მხარდაჭერის, შესაბამისად კი ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის დასაქმების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„ყველაფერი ეს ქვეყნის ეკონომიკის რეალურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომლის გამოც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ 2018 წლის ბიუჯეტის მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მომხსენებელმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ბიუჯეტის პროექტმა სრული ციკლი გაიარა და განხილვების შედეგად გამოთქმული ყველა შენიშვნა პრაქტიკულად წარმოდგენილ ვარიანტში არის ასახული.

„ეს პროცესი პარლამენტში დაიწყო მაისში, მისი განხილვები მოხდა კომიტეტებში, უმრავლესობაში, უმცირესობაში. გადამუშავებული ვერსიები გამოტანილი იქნა საპარლამენტო მოსმენებზე. ამ პროცესში იყო კამათი, დისკუსია, შენიშვნები და პრაქტიკულად, ყველა ეს წინადადება ასახულია დოკუმენტში. ეს ვერსია არის მაკროეკონომიკურად გამართული და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს და რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ, რომ მხარი დაუჭიროთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას“, – განაცხადა გამოსვლის დასასრულს ირაკლი კოვზანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ IX მოწვევის პარლამენტის წევრებს წელს, პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, სამუშაო რეჟიმში ყოფილიყვნენ ჩართული და დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში გარკვეული ცვლილებები შეეტანათ.

„ერთობლივი ძალისხმევით, 2018 წლის ბიუჯეტში ჩვენ უკვე შევძელით კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდა 31%-ით. ჩვენ შევძელით 66 მლნ. ლარით გაგვეზარდა განათლების ბიუჯეტი 2017 წლის მონაცემებთან შედარებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. კომიტეტის თავმჯდომარე ფინანსური რესურსების გაფართოებისათვის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვნად თვლის.

„ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. განათლება საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია და მიუხედავად ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდისა, ჩვენ რადიკალურად გაზრდილი სახელმწიფო საბიუჯეტო მონაცემები გვჭირდება. განათლებას უნდა დავუთმოთ ბევრად მეტი ყურადღება ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. ჩვენი თხოვნა იქნება კულტურის სფეროში დღეს მიღწეული 131 მლნ-იანი დაფინანსება იყოს შენარჩუნებული და შემდგომ ეტაპობრივად გაზრდილი“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი, იძლევა იმის იმედს, რომ მომავალში იქნება იმ სიდიდის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის დოვლათის და სიმდიდრის მომტანი იქნება. მისივე შეფასებით, ეს არის ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი, მაგრამ ინარჩუნებს სოციალურ ორიენტაციას.
„თანხების დაახლოებით მესამედი კვლავაც მიმართულია სოციალურ დაცვაზე და ის ასახავს იმ ტენდენციას, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში იყო, როდესაც პენსია გაიზარდა 80%-ით, მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან კიდევ უფრო მეტით. რა თქმა უნდა, არ არის ეს საკმარისი. დღეს პენსია უნდა იყოს, 500-600 ლარი, ანუ საშუალო ხელფასის 50-60 პროცენტი, იმისათვის, რომ მან შეასრულოს ის დანიშნულება, რაც აქვს პენსიას. მაგრამ ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი ანუ დღევანდელი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ და მან დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს არის ის გზა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ღირსეულ საპენსიო სისტემას შექმნის. „დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ იმ მაჩვენებლებს მივაღწევთ, რაზეც იყო საუბარი. ეს იქნება 500-600 ლარი პენსია და ჯანდაცვის გაორმაგებული ბიუჯეტი. ეს იქნება გრძელვადიანი ორიენტირი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა, ლაშა დამენიამ ფინანსთა მინისტრისგან მოითხოვა ინფორმაცია იმ ღონისძიებების თაობაზე, რასაც ხელისუფლება ლარის კურსის გამყარებისთვის გეგმავს. სერგო რატიანი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, კონკრეტულად კი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის საკითხს შეეხო. მან ყურადღება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემაზე გაამახვილა.

„მე მაქვს სამი მოთხოვნა: მასწავლებელს, რომელმაც შეგისრულათ ყველა კონტრაქტი, შეუსრულეთ კონტრაქტი თქვენც და გადაუხადეთ კუთვნილი თანხები. გაასწორეთ სტუდენტების დაფინანსების კუთხით არსებული უსამართლობა და მოაწესრიგეთ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების გადასახადების გადახდის თემა“, -განაცხადა ფრააქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

კრიტიკული იყო ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, ირაკლი აბესაძის გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე. მან მთავრობას გადასახადების შემცირების და მოგების გადასახადის რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის მიერ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება უარყოფითად შეაფასა. მისი სურვილია, მცირე მთავრობის იდეა დაინახოს წარმოდგენილ ბიუჯეტში და ამ ფორმით მოხდეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და წარმოდგენილი ბიუჯეტი ეკონომიკური პარამეტრებით საუკეთესოა.

„ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით ეს ბიუჯეტი საუკეთესოა, რაც კი მთავრობას შემოუტანია პარლამენტში.“ გამომსვლელმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილია 4,5% – „ეს არ არის ძალიან ცოტა და დარწმუნებული ვარ მომავალი წლის ზაფხულში დაახლოებით 6%-ზე გავალთ. ამის ბევრი მიზეზია, მათ შორის ისიც, რომ დასტაბილურდა რეგიონი, იწყება დიდი პროექტები, იწყება ინფრასტრუქტურული და კერძო პროექტები და თავისუფალ ვაჭრობას შეემეტა ჩინეთის ეკონომიკა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფრაქცია მხარს უჭერს წარმოდგენილ ბიუჯეტს.

„ეს არ გახლავთ დოკუმენტი, რომელიც შემოსავლების და გასავლების ბალანსია, არამედ ეს არის დოკუმენტი, რომელშიც არის არა მხოლოდ მომავალი წლის პოლიტიკა. ეს ძალიან ცოტა იქნებოდა, რადგან მხოლოდ ერთი კალენდარული წლის ხედვას არ ველით ჩვენ ბიუჯეტიდან. აქ ჩანს ის ფუნდამენტური ხედვის განხორციელების შესაძლებლობა, იმ საჭირო, ძალიან ამბიციური პროექტების შესრულების ძალა, რომელიც მომდევნო წლების მანძილზე უნდა მოხდეს ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„ეს არის მზარდი და დაბალანსებული ბიუჯეტი, ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი არის ორიენტირებული მომავალზე და განვითარების ისეთ ტემპებზე, რომელიც რეგიონში საქართველოს მოწინავე ქვეყნის პოზიციაში დატოვებს კვლავ“, – ასე შეაფასა 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, გუნდმა სამ მნიშვნელოვან სფეროში მოახდინა ბიუჯეტის ზრდა ეს არის – ინფრასტრუქტურა, სადაც ბიუჯეტი 527 მლნ-ით იზრდება, ჯანდაცვა, სადაც 112 მლნ. ლარით და განათლება, სადაც ბიუჯეტის 66 მლნ ლარიანი ზრდაა.
„სამივე მიმართულება უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას და ახალ სამუშაო ადგილებს. ეს არის ეკონომიკა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროგრამის და წინასაარჩევნო დაპირებების ცენტრალური გზავნილი იყო“, -განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებების საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ რეფორმამ კონკრეტული შედეგები მოგვცა. 360 მილიონზე მეტი ჩაუტოვა კერძო ბიზნესს განვითარებისა და გაფართოებისთვის. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროდუქცია და მეტი ექსპორტი. ჩვენი მმართველობის პერიოდში ბიზნესში არის დასაქმებული 133 ათასი ადამიანით მეტი. ხელი აქვს მოწერილი თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და ყველაზე სანდო საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს სერიოზული გაუმჯობესება. იქნება ეს გადასახადის ეფექტი ინვესტიციებზე, ბიზნესის კეთების რეიტინგი, მაკროეკონომიკური გარემო თუ კორუფციისგან თავისუფლება. ყველგან საქართველოს აქვს უკეთესი შეფასებები ვიდრე ეს იყო 2012 წელს და მანამდე. ეს არის ის მონაცემები და ობიექტური რეალობა, რასაც ეფუძნება ახალი ბიუჯეტი“, – განაცხადა თავის გამოსვლაში არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ფინანსთა მინისტრს საინტერესო ანგარიშისთვის, პრეზენტაციისთვის და წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ასევე, ყოფილ ფინანსთა მინისტრს, რომელმაც ბიუჯეტის პროექტზე იმუშავა და სამინისტროს მთელ გუნდს, აქტიური კონსულტაციებისთვის.

შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „2018 წლის ბიუჯეტი წარმოადგენს იმ ფისკალური პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტით დავიწყეთ და შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ეს ფისკალური ჩარჩო. სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მისი თანმიმდევრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტი არის აღნიშნული თანმიმდევრობის მკაფიო გაგრძელება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის შემდგომ გამართული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0