პარლამენტში ქართული წყალბურთის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

12/07/2017

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით პარლამენტის კინოდარბაზში ქართული წყალბურთის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის „ქართული წყალბურთის ისტორია“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორიც თემურ ჩიხლაძეა, ასახავს ქართული წყალბურთის განვითარების ისტორიას 1927 წლიდან დღემდე.
მასში საუბარია სხვადასხვა თაობის გუნდების, ქართველი წყალბურთელების მიღწევებისა და ცხოვრების შესახებ.
აქვე საუბარია იმ პრობლემებზე, რაც დღეს სპორტის ამ სახეობის წინაშე დგას.
ასევე იმაზე, თუ როგორ შრომობენ და იბრძვიან სხავადასხვა თაობის წყალბურთელები, რათა კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანონ თავიანთ გუნდს და ასახელონ საქართველო.
„სპორტის ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, რადგან, გარდა გამორჩეული სპორტის სახეობისა, ეს პიროვნებები ყოველთვის მისაბაძები იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში. მაღალი კლასის, მსოფლიო კლასის წყალბურთელები გვყავდა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო 90-იანი წლები, როდესაც გართულდა ცხოვრება, არ იყო აუზები და ამ ადამიანებმა, სწორედ თავისი პიროვნული თვისებებიდან და რაინდული სულიდან გამომდინარე, მაინც შეძლეს წყალბურთის აღორძინება. დღეს საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციას დახმარება სჭირდება და ჩვენ მეტად უნდა ვიყოთ ჩართული ამაში. დაწყებულია მუშობა კონკრეტულად აუზებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და მეც ჩემს როლს აუცილებლად გამოვიყენებ, რომ სპორტის ამ სახეობას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0