პარლამენტში შემოსული კანონპროექტების დაახლოებით 77-78% იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა

05/01/2018

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ახალი წლის მილოცვით, გასული წლის მოკლე მიმოხილვთ და სამომავლო გეგმებზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ყველაზე მეტი კანონპროექტი მოამზადა, ყველაზე მეტი სხდომა ჩაატარა და ყველაზე მეტი კანონპროექტი განიხილა გასული წლის განმავლობაში.

„პარლამენტში შემოსული კანონპროექტების დაახლოებით 77-78% იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა მთელი საკანონმდებლო პერიოდის განმავლობაში, რაც საკმაოდ დიდ დატვირთვას აძლევს კომიტეტს, თუმცა, გარდა ამისა ძალიან საინტერესო ახალი ფორმატებია კომიტეტის მიერ დაწყებული საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თანამშრომლობის. ჩვენ ვართ ღია ამ თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა განსახილველი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტი მიზნად ისახავს სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით მანდატის გაფართოებას კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში.
გადრა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მეტ ეფექტიანობას.
კანონპროექტი აყალიბებს კონკრეტულ მოთხოვნებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ. დგინდება საბჭოს წევრების მიმართ როტაციის წესი – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ყოველწლიურად განახლდება 1/3–ით.
მეათე მუხლზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა კანონპროექტის ამოქმედების ვადებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვინაიდან ამ კანონპროეტს დაჩქარებული წესით ვიხილავდით, მაგრამ კომიტეტის გადატვირთულობის გამო და ასევე პლენარული სესიის გადატვირთული მუშაობის გამო ვერ მოესწრო აღნიშნული კანონპროექტების მიღება, შესაბამისად, ვადები, რომელიც არის მითითებული 1 იანვრიდან, უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს 1 მარტი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ვადების დაზუსტება დამოკიდებულია იმაზე, პარლამენტი მოიწვევს თუ არა რიგგარეშე სესიას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. დღესვე განიხილეს კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პაკეტთან ერთად. ცვლილების თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.
კანონპროექტით წესრიგდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების დაკისრების წესი.
რეგულირდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი. კერძოდ, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტით განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი მოხელის კომპეტენცია, თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების წესი, აგრეთვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. დღესვე იმსჯელეს მოხელის სახელწოდების თაობაზე. ეკა ბესელიას თქმით, შეიძლება აღნიშნულ მოხელეს კანონმდებლებმა უწოდონ ასისტენტ-მოსამართლე.

„მას ექნება მხოლოდ ისეთი საქმეების განხილვის უფლება, როგორიცაა უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა. დაემატება საბანკო დაწესებულებები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებები, გირავნობა-იპოთეკა, თუ დავა არ აღემატება 5000 ლარს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, განტვირთვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში ყველა საქმე არ იხილებოდეს კოლეგიალური წესით. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომელიც კომიტეტის დასკვნაში აისახება.

ამ დათქმით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროქტის პლენარულ სხდომაზე გატანას. პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტს აქვს მზაობა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა მოწესრიგდეს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებული ახალი სტანდარტები. „ჩვენ გთავაზობთ ამ ჯგუფში ჩაერთოთ და გაუწიოთ კოორდინაცია ჯგუფის საქმიანობას“, – მიმართა მან კანონპროექტის ინიციატორს. ემზარ კვიაციანის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი ამ ეტაპზე უკან იქნა გაწვეული.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი. ეკა ბესელიამ საბჭოს სავარაუდო წევრები გააცნო კომიტეტს და საბჭოს საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0