პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ყირგიზეთის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეთანხმებებს მოეწერა ხელი

13/10/2016

საქართველოს პრეზიდენტისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, დღეს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა შეთანხმებებს პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის

ერთობლივი განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი 2016 წლის 12-13 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ღია, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროში ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ,

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცებისადმი ორმხრივი მისწრაფებიდან გამომდინარე,

იმ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს,

ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობის და ერთმანეთის ინტერესების პრინციპებზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხებისა და პერსპექტივების მთელი სპექტრის განხილვის შემდეგ,

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას მიღწეულ შეთანხმებებზე დაყრდნობით,

ყირგიზეთის რესპუბლიკის და საქართველოს პრეზიდენტები (შემდეგ – მხარეები) აცხადებენ:

1. სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტი დასტურია ორი სახელმწიფოს ერთობლივი სურვილისა, გააღრმაონ ურთიერთობები ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში, რაც ორი მეგობარი ხალხის ინტერესებს შეესაბამება.

2. მხარეებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას, აღნიშნეს პოზიციათა თანხვედრა საერთაშორისო თემატიკის საკითხებში, დაადასტურეს ერთგულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპებისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი, გაეროს როლის გაძლიერებისადმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, თანამედროვე გამოწვევათა და საფრთხეთა დაძლევის საკითხების ფართო სპექტრის გადაწყვეტაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, განაგრძონ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი სახელმწიფოს ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკა.

3. მხარეები ხაზს უსვამენ განუხრელ ერთგულებას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებისადმი, როგორიცაა სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების მთლიანობის პატივისცემა, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში ძალისა და ძალის გამოყენების მუქარის გამოუყენებლობა.

მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა და შეშფოთება გამოთქვეს ლტოლვილებისა და პირთა შიდა გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გლობალურ ხასიათს იძენს.

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ გაააქტიურონ ძალისხმევა მშვიდობის დამყარებისა და იმ ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისაკენ მიმართული ეფექტიანი ზომების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა პატივისცემას და ყველა გადაადგილებული პირის და ლტოლვილის მათ წარმოშობის ადგილებში ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას, რაც, პირველ რიგში, ჰუმანიზმის გამოვლინებაა და არცერთი მხარის პოლიტიკურ ინტერესებს არ ლახავს.

4. მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ საერთაშორისო ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანებით ვაჭრობასა და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლისაკენ მიმართული ძალისხმევის კოორდინირება ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე და მოგვიწოდებენ ამ ბრძოლისაკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისაკენ.

5. მხარეები მხარს დაუჭერენ პოლიტიკურ დიალოგს ყველა დონეზე, განავითარებენ საპარლამენტთაშორისო და დარგთაშორის თანამშრომლობის მექანიზმებს, ხელს შეუწყობენ ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაფართოვებას და ორი სახელმწიფოს საქმიან, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ და სხვა წრეებს შორის კონტაქტებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

მხარეები აღნიშნავენ დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის ერთობლივი პროგრამების რეალიზაციის, რეგიონულ გამოფენა-ბაზრობებსა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის აქტივაციის აუცილებლობას.

6. მხარეები განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის საქართველო-ყირგიზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობას ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან მაკოორდინირებელ მექანიზმად.

მხარეებმა დაადასტურეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდისაკენ მიმართული პრაქტიკული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით მხარეებმა მოუწოდეს ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ხელსაყრელი პირობები, რომლებიც განპირობებულია ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონითა და შესაბამისი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზით.

7. მხარეები აღნიშნავენ ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის აქტიური გამოყენების აუცილებლობას. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დარგებში ერთობლივი პროექტების რეალიზაციის, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში ჩართულობით, მათ შორის ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების პერსპექტივის თვალსაზრისით.

8. მხარეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ისეთ სფეროებში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის მიმართ, როგორიცაა ტრანსპორტი, ტურიზმი, ინფორმაცია, განათლება, მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება.

9. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მიმდინარე ვიზიტის დროს რიგი დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც ეხება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაფართოებასა და განმტკიცებას.

10. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარების მძლავ ინსტრუმენტად იქცევა, ხელს შეუწყობს რა მათ ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას.

11. მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით და განაცხადეს მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყონ მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის შემდგომი პარტნორული ურთიერთობების გასაღმავებლად, თანასწორუფლებიანი და ურთიერთხელსყრელი თანამშრომლობის საფუძველზე.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა მადლობა ჰგადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ქართველ ხალხს ყირგიზეთის დელეგაციის თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის და საქართველოს პრეზიდენტი საპასუხო ვიზიტით მიიწვია ყირგიზეთის რესპუბლიკაში მისთვის ხელსაყრელ დროს. მიწვევა მადლიერებით იქნა მიღებული. ვიზიტის ვადები შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით.
შესრულებულია ქალაქ თბილისში 2016 წლის 13 ოქტომბერს, ორ ნამდვილ ეგზემპლარად, თითოეული ყირგიზულ, ქართულ და რუსულ ენებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0