რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

01/02/2018

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით განიხილეს.

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც რეზერვისტების მომზადებისაკენ, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ იქნება მიმართული.
მომხსენებელმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებსა და სიახლეებზე, რომელიც წარმოდგენილ კანონპროექტშია ასახული. მისი განმარტებით, სამხედრო სარეზერვო სამსახური ორ ძირითად სახედ იყოფა: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვისგან.

მინისტრის მოადგილემ წარმოდგენილი სიახლეების მიზნები და პრინციპები დეტალურად განმარტა.
ნუკრი გელაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის მიზანია – სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვა, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა.
ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანს, შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით, მცირე სამობილიზაციო დროში, შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

„ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტების წყაროა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის უფლებამოსილება ენიჭება აგრეთვე წვევამდელს, არაუმეტეს 22 წლის ასაკისა, რომელსაც გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანია – სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა.
სპეციალისტთა რეზერვის დაკომპლექტების წყაროა – შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სამოქალაქო სპეციალობების ნუსხას გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მომხსენებლის განმარტებით, სამობილიზაციო რეზერვის მიზანია – სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. მნიშვნელოვანი სიახლეა სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა, რომლის გამართულად ფუნქციონირებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შექმნის და ოპერირებას გაუწევს ელექტრონული მართვის სისტემას, რომლის საშუალებითაც სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია განხორციელდება. აღნიშნულ ელექტრონულ სისტემას მართავს სამინისტრო.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებებს განიცდის, ასევე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის და გამოძახების ინსტიტუტიც.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს. კანონმდებლებმა პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის შენიშვნებიც წარმოადგინა, რომელთა სრული უმრავლესობა ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის იყო.
კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეაფასა. „დღეს, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, როგორც სავალდებულო კომიტეტმა მოისმინა თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც რეზერვის ახლებურად გააზრებას უკავშირდება. ეს იყო სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს მოგვაწოდა. კომიტეტს ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და იყო აქტიური დისკუსია. მინისტრის მოადგილეს ყველა შეკითხვაზე ჰქონდა სრულფასოვანი და ამომწურავი პასუხი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთავრობას აქვს სწორად დანახული და წარმოდგენილი ამ პროცესის განხორციელება, მოქალაქეთა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ფართო ჩართულობისთვის, რეზერვისტების მომზადებისთვის, მათი მართვისა და კონტროლისთვის ეს არის ძალიან ფასეული ხედვა და სწორედ ამიტომ ჩვენმა კომიტეტმა ამ ხედვას მხარი ერთხმად დაუჭირა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამ სარატიფიკაციო დოკუმენტზეც იმსჯელეს. დოკუმენტები კომიტეტის წევრებს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის დეპარტამენტის უფროსმა, იოსებ სხირტლაძემ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების)“ შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 2017 წლის 4 აპრილს მოეწერა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებით დაფინანსებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე (დაახლოებით 11 კმ) მონაკვეთზე არსებული 2- ზოლიანი გზა გაუმჯობესდება და 4- ზოლიანი მაგისტრალი გახდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 109,7 მილიონი ევროს შეადგენს. პროექტის თანადაფინანსება 16,9 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის)“ ცვლილება პროექტის აღწერასა და გარემოსდაცვით ღონისძიებებში ცვლილების შეტანას და 3 წლის ვადით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე პროექტის დახურვის თარიღის გაგრძელებას ეხება.
პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ზემო-ოსიაურიდან 5.8 კმ-დან ჩუმათელეთამდე 13.8 კმ ჩათვლით დაახლოებით 8 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გაუმჯობესება ხორციელდება.
პროექტის დასაფინანსებლად IBRD-ის მიერ სესხის სახით გამოყოფილია 140 მლნ აშშ დოლარი.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ფინანსური რესურსის მსესხებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს.
მესამე სარატიფიკაციო დოკუმენტი, (საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 5)“), რომელიც დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა განიხილეს, მოიცავს ოთხ ძირითად სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 2010-2020 წლის განმავლობაში ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოსათვის 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას ითვალისწინებს. იოსებ სხირტლაძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკში 2017 წლის 7 სექტემბერს რიგით მეხუთე ტრანშის პერიოდული დაფინანსების მოთხოვნა გაიგზავნა, რომლითაც, ძირითადად, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან, კერძოდ კი ელექტრო გაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემების გამოცვლასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 14.20 მლნ ევროა. პროექტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0