რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია

06/12/2017

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კი, უქმდება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, გათვალისწინებულია, რომ სამი თვის ვადაში აღნიშნულმა უწყებებმა უნდა მოახდინონ შერწყმის, რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი. 6 თვის ვადაში კი უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება. მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ პროცესის დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სამინისტროების, შესაბამისი სიპების, აიპების და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებში.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე.
„აღნიშნული სამსახური იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. განახორციელებს აღმასრულებელ უფლებამოსილებას და ის არ იქნება სათათბირო ორგანო, ხოლო ის საკოორდინაციო უფლებამოსილება, რომელიც გააჩნდა უსაფრთხოების საბჭოს, გადადის მთავრობის უფლებამოსილებაში. შესაბამისად, მაკოორდინირებელი ფუნქციებს პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე საქართველოს მთავრობა განახორციელებს“, – განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ცვლილებები შედის თანმდევ 99 კანონში, რომელიც სახელების ჩანაცვლებას და კანონებში ფუნქციების გადანაწილებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებში გადადის და აქამდე კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები გადანაწილდება იმ სამინისტროებზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სამართალმემკვიდრე სამინისტროებად განისაზღვრება.

შალვა თადუმაძის განცხადებით, კანონმდებლობაში იდება გარკვეული გარანტიები, რომელიც გარემოს დაცვის კომპონენტთან არის დაკავშირებული. „მთავრობას აქვს გარემოს დაცვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ამ პოლიტიკის გადახედვას და შესუსტებას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით, გარდა პოლიტიკური კომპონენტისა გარემოს დაცვის კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორი მნიშვნელოვანი საკითხი მკაფიოდ იქნება განსაზღვრული. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, რომ გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელების პროგრამული ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს გარემოს დაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები. „მთავრობა აფიქსირებს როგორც პოლიტიკურ ნებას გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე აფიქსირებს მზაობას, ფინანსურად სრულად უზრუნველყოს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელება“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

შალვა თადუმაძის თქმით, პროექტი განხილული იქნა კომიტეტებზე, გამოითქვა შენიშვნები და დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ შენიშვნების გათვალისწინებით არის წარმოდგენილი. მომხსენებლის განმარტებით, საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სახელს შეეხებოდა, მთავრობის მიერ იქნა გაზიარებული და შესაბამისად, სამინისტროს სახელად – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განისაზღვრა.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დეპუტატების მხრიდან კრიტიკული შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოითქვა.

დეპუტატებმა მთავრობის საპარლამენტო მდივნისგან მოითხოვეს მეტი დასაბუთება წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების მიზნებთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი, გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების მოტივაციით და გარემოს დაცვის სამინისტროდან წიაღის კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის საკითხით დაინტერესდა. „ასოცირების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არ შეიძლება გარემოს დაცვის სტრუქტურების, სისტემების და მიზნების შესუსტება ნებისმიერი ეკონომიური მიზნიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„კომიტეტის შენიშვნებთან დაკავშირებით მინდა გამოვეხმაურო სამინისტროს დასახელების საკითხს. სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი და საქართველო არის აგრარული ქვეყანა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სამინისტროს დასახელებაში პირველი, სოფლის მეურნეობის და შემდგომ გარემოს დაცვის აღნიშვნა, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ვიზიარებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ სამინისტროების რაოდენობების შემცირებას მხარს უჭერს, თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შემცირების მიუხედავად, ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია.

„ჩვენ სამინისტროების შემცირებას იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ ჩვენ ამან უნდა მოგვცეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საშუალება, რომ შემდგომ ეს დანაზოგი საგადასახადო ტვირთის შემცირებას, პენსიონერთა და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული შეკითხვები აქვს არა მარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას და ამ საკითხს უფრო დეტალური განმარტება სჭირდება.

„საუბარი ხარჯებთან დაკავშირებით მიდის მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენთვის, გასაგებია და ნაწილობრივ მისაღები იყო პასუხი გარკვეული ეტაპების შესახებ და მართლაც რთულია გარკვეული ჩაშლის გარეშე კონკრეტული პასუხები ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა, გთხოვთ საქართველოს პარლამენტს განუმარტოთ, რატომ ვერ ხდება ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრების მითითება, როდის უნდა ველოდოთ ამას, რასთან არის ეს დაკავშირებული, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები და ხარჯების ოპტიმიზაცია ამ რეფორმის ერთ-ერთი მდგენელი იქნება თუ არა?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საბიუჯეტო თანხების დაზოგვასთან და რეორგანიზაცი-რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა იმ მოცემულობით, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს, თუმცა დღეს შეუძლებელია ითქვას, თუ რა ცვლილება განხორციელდება 2018 წლის ბიუჯეტში.

„განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული რეფორმა 2018 წლის ბიუჯეტზე ეტაპობრივად მოახდენს გავლენას, მაშინ როდესაც დასრულდება რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი და მაშინ, როდესაც მოხდება იმ ადამიანების კომპენსაციის გაცემა, რომლებსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდებათ საჯარო სამსახურში, 2018 წლის ბიუჯეტის მონაცემები გარკვეულ ცვლილებას განიცდის და ამ მიმართულებითაც მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რომ პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის ცვლილება წარმოადგინონ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს კონკრეტულ ვადებს და გარანტიებს, თუ რა გარანტიები უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, რომელშიც რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. ეს პროცესი სამი თვის ვადაში დასრულდება. ასევე, არსებობს კომპენსაციების გაცემის ვალდებულება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდებათ.

„განხორციელებული ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ 2018 წლის ბიუჯეტზე ეტაპობრივად მოახდენს გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ რეორგანიზაციის შემთხვევაში დამტკიცდება ახალი შტატები. მას შემდეგ რაც ცნობილი იქნება ახალი სტრუქტურა გაერთიანებული სამინისტროების, შესაბამისად, მოხდება იმ თანხების დათვლა, რომელიც გამოთავისუფლდება. გარდა ამისა, არსებობს კომპენსაციების გაცემის ვალდებულებები იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება საჯარო სამსახურთან და შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტში ესეც ეტაპობრივად აისახება”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისი განმარტებით, რეფორმის ძირითადი მიზანი არის ეფექტური, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვის საკითხების რაიმე სახით შესუსტება ან გადაფარვა სრულად გამორიცხა. წიაღის კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით კი განაცადა: „ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე კომპონენტის თავმოყრა, ერთის მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ეს არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიმართულება და სახელმწიფო ქონების გარკვეული სახე, რომლის მართვის გარკვეული გამოცდილება და ცოდნა ეკონომიკის სამინისტროში უფრო მაღალია და გარდა ამისა, ეს არის ბიზნეს სახლის კონცეფციის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი“, – განმარტა შეკითხვების საპასუხოდ შალვა თადუმაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, პირველი მოსმენისთვის, პრინციპების დონეზე შემუშავებული პოზიციები და კომიტეტის დასკვნა წარადგინა.

ეკა ბესელიამ საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ მიზნებთან შესაბამისობის ჭრილში განიხილა.
„მიუხედავად იმისა, რომ მესმის კრიტიკული შეფასებები ოპოზიციის მხრიდან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ცვლილებები იყო საჭირო. ზოგადად, როდესაც რესურსების ოპტიმიზაცია და მთავრობის შიგნით უწყებების გაერთიანება ხდება, ასეთი დინამიკა და ასეთი გადაწყვეტილება დადებითად და კარგი მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა. ასევე მგონია, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო ის, რაც კონსულტაციების შედეგად შეჯერდა. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, პრინციპების დონეზე შეგვიძლია დავუჭიროთ ამ პაკეტს მხარი და შინაარსობრივ ნაწილზე მეორე მოსმენით, მისი მუხლობრივი განხილვისას ვიმსჯელოთ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

„ჩვენი ქვეყნის წარმატების ფორმულა მდგომარეობს ნაკლები ბიუროკრატიით ძლიერ მმართველობაში, კოორდინაციის მაღალ ხარისხში და ეფექტური კონტროლის მექანიზმებში. ამიტომ, პროცესი, რომელიც დაიწყო ამ მიმართულებით, თამამი ინიციატივა იყო პრემიერის მხრიდან. ვფიქრობ სწორი დასაწყისია, რომ ჩვენ, შემჭიდროვებული ბიუროკრატიის ფარგლებში შევძლოთ არსებული მწირი რესურსის გამოყენებით, კოორდინაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება და ამასთანავე ეტაპობრივად გავაძლიეროთ კონტროლის მექანიზმები“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მან შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში, უსაფრთხოების პოლიტიკის სწორად განსაზღვრასა და ერთიანი ხედვის დაგეგმვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა სწორი, ჯანსაღი მიდგომა და ერთიანი ანალიტიკური ხედვა ეროვნულ დონეზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა.

„თუკი ჩვენ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, გაანალიზებული ხედვის გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ დღევანდელ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან რომელიმე საკითხზე სრულად დათანხმება მომიწევდა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას. „სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ უსაფრთხოების სფეროში საჭიროა მაღალი კოორდინაცია. ეს ეროვნული ინტერესების საკითხია და სწორად ბრძანეთ აბსოლუტურად, თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით, კოორდინაცია ამ სფეროში საერთოდ არ არის“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრთა შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილი და დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები არ არის კარგად გააზრებული და ბევრ შეკითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენს სამინისტროების გაერთიანება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი სწორი მენეჯმენტი და მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაა, რომლის თანმდევი პროცესი ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება.
„როდესაც ჩვენ რეფორმის მიზანშეწონილობაზე ვლაპარაკობთ, მთავარია დავინახოთ უმთავრესი მიზანი. როცა საუბარია ოპტიმიზაციაზე, ეფექტური მენეჯმენტი ეს არის მთავარი სწორი გადაწყვეტილება. მთავრობას 3-თვიანი ვადა მიეცემა იმისთვის, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდეგ, სწორედ სამინისტროების მენეჯმენტს დაევალოს, დადოს სწორი და ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, ზუსტად რამდენით შემცირდება კადრები და რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. შეუძლებელია ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არ იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრიტიკული მოსაზრებების ავტორებისგან არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მოხდეს სამინისტროების შერწყმა.

„კონსულტაციების შედეგად დაიდო კონკრეტული შედეგი. ამაზე საბოლოოდ შეჯერდა გუნდი და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ დარჩენილიყო იმ სახით, როგორც არის. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, აქ დაიდო მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კი გააძლიერებს ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქციის პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„საქართველოს პატრიოტები“ ფრაქციის პოზიცია მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ გააჟღერა. მისი განცხადებით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„მე მინდა გამოვეხმაურო იმ არაზუსტ ინფორმაციებს და განცხადებებს, რომელიც რიგ შემთხვევებში კოლეგებმა გააკეტეს და ვფიქრობ დროა, სიმართლეც მოისმინოთ. შვიდი იუსტიციის სახლი აშენდა 2012 წლის შემდეგ. სამი აშენების პროცესშია. ასევე, აშენდა ახალი 47 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ასევე ერთი ფანჯრის პრინციპს ემსახურება და იმ სერვისების განვითარება და გაგრძელება, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ოთხი სახლი აშენდა არქივის, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეფორმის ძირითად მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამოცანა არის მთავრობის ეფექტურობის და კოორდინაციის ზრდა – მოძრაობა მცირე მთავრობისაკენ. მისი განცხადებით, ამ ცვლილებებით კერძო სექტორს ექნება მეტი სივრცე და სამოქალაქო საზოგადოებას ექნება მეტი შესაძლებლობა თავისი პოტენციალის და ჩართულობის ასამაღლებლად იმ რეფორმებზე და ცვლილებებზე სამუშაოდ, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

არჩილ თალაკვაძე რესურსების დაზოგვასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მომავალ წელს, მთავრობის მიმდინარე ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 1,5%-ით მცირდება. „ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული. ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში 133 000 ადამიანით მეტია დასაქმებული და ამ დასაქმების ფონზე დავიწყეთ მთავრობის შემცირების პროექტი. დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ამ პროექტის ჩარჩო, თუ როგორი იქნება მართვის მოდელი და სამინისტროების კონფიგურაცია და შემდგომ მთავრობა წარმოადგენს ოპტიმიზაციის კონკრეტულ გეგმებს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით“.- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ეს სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ევროპულ კურსს, ეკონომიკურ განვითარებას და მის საინვესტიციო იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს. სწორედ ამ ტიპის ცვლილებებით განვითარდნენ წარმატებული სახელმწიფოები. გუნდში დამატებითი კონსულტაციები გაიმართა და მმართველი გუნდის პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის ცნობილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მართვის იმ მოდელს, რომელიც შემოთავაზებულია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შემდგომ გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, მხარი 82 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0