რუსთავში ტოლერანტობის კვირეული დაიხურა

19/11/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონში, ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნა. საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები, ყველა მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად, განხორციელდა.
19 ნოემბერს კი, ტოლერანტობის კვირეული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქვემო ქართლში სახერლმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიებით დასრულდა, რომელსაც გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.
ღონისძიებაზე, რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი“ – ამ სახელწოდების მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. თეატრის ფოიეში კი წარმოდგენილი იყო რუსთაველი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა დათვალიერება სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მხარდამჭერები იყვნენ აგრეთვე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0