საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე ანტიდასავლური პროპაგანდის და „რბილი ძალის“ პოლიტიკაზე იმსჯელეს

04/12/2017

პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის მესამე სესიაზე გამოსვლები და დებატები თემაზე: „ინტეგრაციამდე და ინტეგრაციის შემდეგ: საზოგადოების მოლოდინის მართვა და ბრძოლა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ“ გაიმართა. სესიის მონაწილეებმა მოხსენებები ანტიდასავლური პროპაგანდისა და პოპულიზმის ზრდის ზეგავლენაზე, ასევე ევროკავშირის იმიჯის შელახვის საფრთხის საპასუხოდ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე წარმოადგინეს.
სესიის თემასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. მისი განცხადებით, ევროკავშირის საქმიანობა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს და შესაბამისად, ევროინსტიტუტებთან ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა ქვეყანაში მაინც არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით, რუსული პროპაგანდის ქვეშ არის მოქცეული.

„ვიცით თუ როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და ყოველთვის შესაბამისი ადექვატურობით ვპასუხობთ. ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის შედეგად დასავლეთიან საფრთხეებს ხედავენ, ჩვენ ვუხსნით და ვცდილობთ აუხსნათ რეალური სიტუაცია. ანტიდასავლურ პროპაგანდას არგუმენტებით და ქმედებებით ვპასუხობთ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ლიტვის სეიმის ევროპის საქმეთა კომიტეტის წევრმა, რუტა მილიუტემ მისი ქვეყნის მიმართ რუსული „რბილი ძალის“ გავლენაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთი პერიოდულად ლიტვის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთვნებს მართავს, რასაც თან ერთვის ანტიდასავლური პროპაგანდა შეკვეთილი სტატიებით და მოსყიდული ჟურნალისტები.

„რუსეთი მუდმივად ცდილობს თავის ზეგავლენის გაზრდას და საზოგადოებაში კონფლიქტების დანერგვას. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს აქტიური მუშაობა უწევთ აღნიშნული პროპაგანდის გასანეიტრალებლად და ასევე, ვცდილობთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და მათ მეტ ინფორმირებულობას“, – აღნიშნა რუტა მილიუტემ.

სესიის მონაწილემ, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვესელ მემედიმ რუსული პროპაგანდის სხვადასხვა ფორმით გამოვლენასა და მის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროკავშირი მშვიდობის საუკეთესო პროექტია, თუმცა იგი დღეს გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას და ერთ-ერთი ანტიდასავლური დეზინფორმაციული ომია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროპაგანდა სხვადასხვანაირად გამოიხატება და იგი განსხვავებული ფორმებით არის შეფუთული.

„ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ანტიდასავლური პროპაგანდა საკმაოდ გაძლიერებულია და ყველა ქვეყანა მისი დაძლევის გზების ძიებაშია. მათ შორის, მაკედონიაც ცდილობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდი გაატაროს“, – აღნიშნა ვესელ მემედიმ.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსული პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისით, საკმაოდ განსხვავებულ შემთხვევას სერბეთის მაგალითი წარმოადგენს. როგორც სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნენად ჩანაკმა აღნიშნა, სერბეთში ამ კუთხით პარადოქსული სიტუაციაა.

„სერბეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრი, რომლის თანამსრომლებიც დიპლომატიური სტატუსით და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ, შესაბამისად, სახელმწიფო მათ საქმიანობას ვერ აკონტროლებს და ბევრ ინფორმაციაზე წვდომა არა აქვს. ჩვენთან რუსეთის სახელმწიფოს პოზიციები უფრო და უფრო ძლიერდება და რუსეთი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები მათი ზეგავლენის ქვეშ ამყოფოს. რუსეთი სერბეშთი უცხო სახელმწიფოდ არ განიხილება და იგი ერთგავრად, როგორც შინაური ისე მოიაზრება“, – განაცხადა ნენად ჩანაკმა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის განვითარებაზე ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება ბევრად აღემატება რუსულ ფინანსებს, მოსახლეობა მაინც რუსეთის დახმარებას აღნიშნავს და მადლიერებას მის მიმართ გამოხატავს.
თემის ირგვლივ დისკუსიის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეები შვედეთის მაგალითსაც გაეცნენ, რომელზეც შვედეთის სამეფოს პარლამენტის წევრმა, თინა აკეტოფტიმ ისაუბრა.

აღნიშნული სესიით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციამ დღევანდელი მუშაობა დაასრულა. საპარლამენტო ფორუმი ხვალ ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0