სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

13/01/2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ი.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ, ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა მოსთხოვა. ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ.
სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0