საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწია

27/06/2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის 27 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ. დოკუმენტში საქართველო კვლავ პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნახსენები, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. წლევანდელ ანგარიშში პირველად ხაზგასმულია საქართველოს მიერ გამოვლენილი მტკიცე, შეუქცევადი და მდგრადი ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ზომები. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის მიღებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. ანგარიში პოზიტიურად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება მიუსაფარი ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგებას უსასყიდლოდ. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა ტრეფიკინგთან ბრძოლის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბავშვთა ძალადობის რეფერალური მექანიზმის დამტკიცება, რომელმაც გააფართოვა ბავშვზე ძალადობის საკითხებში ჩართულ უწყებათა წრე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. პოზიტიურად ფასდება სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ასევე, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებსა/დაზარალებულებს კონსულტაციებს უწევენ და აწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის სრულწლოვან და არასრულწლოვან მსხვერპლთათვის შეთავაზებულ სხვადასხვა სახის სერვისზე, მათ შორის, თავშესაფარსა და კომპენსაციაზე. ანგარიშში საუბარია საუწყებათაშორისო საბჭოს ხელმძღვანელობით სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზეც, რომლებშიც მთავრობის როლი ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული 54000-ლარიანი საგრანტო კონკურსი. აღნიშნული პროგრესი არის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. ანგარიშის მიზნებისთვის ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მიმართავს სახელმწიფო ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებებს, იძიებს და დევნის ამ დანაშაულს და იცავს დანაშაულის მსხვერპლს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 187 სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორებიცაა, სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0