სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა გაიმართა. შეხვედრას ახალ შემადგენლობასთან ერთად, საბჭოს ძველი წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის წინა მოწვევის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან საბჭოს ახალი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა-კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფასა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში საბჭოს როლზე ისაუბრა. ახალ შემადგენლობას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღესვე ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საშტატო განრიგი, 2018 წლის ფინანსური დოკუმენტი და ორგანიზაციის საქმიანობის გეგმა დაამტკიცდა, რომლებიც საბჭოს წევრებს აღნიშნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა წარუდგინა. დავით მელუამ ასოციაციის სამოქმედო გეგმაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო 23 წევრისგან შედგება და მას ახლად არჩეული მერები და საკრებულოს დეპუტატები წარმოადგენენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა გაიმართა
12/01/2018