საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა ზესტაფონში დაიწყო

26/05/2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო. კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა გახსნა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ზესტაფონმა’“ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრებისა და სიმღერების სინთეზი წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ჯავარდენიც“ იღებდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით გაგრძელდა. სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში ღია პირველობა მოეწყო ქართულ ჭიდაობაში. ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას 45 მოჭიდავე იღებდა. ფინალური ტური ფრიდონ შარიქაძესა და გაგა ბახტიძეს შორის შედგა. ფრიდონ შარიქაძემ გასული წლის ფალავნის ტიტული არც ამჯერად დათმო და უკვე მეორედ ტურნირის გამარჯვებული გახდა. სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაძიძე ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით შეუერთდა. მუსიკოსებმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური ჰიტები წარმოადგინეს. ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა. კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0