საქართველოს მთავრობა უპრეცედენტოდ აქტიური იყო იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებულიყო

03/02/2018

„ყოველგვარი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს ქმედებას იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, არის ფუჭი და პოპულისტური. მე მოვუწოდებ ყველას, რომ შეეშვას პოპულისტურ განცხადებებს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის გამო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ განმარტება გაკეთა ამ საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზეც „ალბათ საჭიროა, რომ განიმარტოს ჩემი პასუხი და ასევე გამეორებულ იქნას კითხვა, რომელზეც ვუპასუხე. კითხვა იყო შემდეგი: საქართველოს მთავრობას რა პოზიცია აქვს უკრაინის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეუერთდეს სანქციების ახალ მექანიზმს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასე არ არის, ფორმულირება არასწორია და შესაბამისად, შეთავაზებაც ამას არ გულისხმობდა. ჩვენ ამ ინიციატივას, იდეას, რომელიც გაჟღერდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ, აღვიქვამთ, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქიცების დაწესებას და სანქციებში საქართველოში განხორციელებული აგრესიის ნაწილს“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თმით საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, მაშინ როცა 2008 წლის შემდგომ წლების განმალობაში ეს თემა ისე მწვავედ არ იდგა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც საჭირო იყო. „ბოლო წლების განმალობაში უპრეცედენტოდ აქტიური იყო საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმისათვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. მაშინ როდესაც ბატონ გიგა ბოკერია, რომელიც მე პარლამენტში მიბარებს, იმ პერიოდში ბრძანდებოდა ერთ-ერთი წამყვანი პირი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, და საქართველოს-რუსეთის კონფლიქტი 2008 წლის შემდეგ საერთოდ დავიწყებული იქნა საერთაშორისო ფორმატებში.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება ამ კონკრეტული აგრესიის წინააღმდეგ. ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამას ცხადყოფს შესაბამისი გადაწყვეტილებები საერთაშორისო ორგანიზაციების, უპრეცედენტო გადაწყვეტილებები ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონი, რომლითაც განისაზღვრა სანქციები ყველა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც რაიმე ტიპის კონტაქტს დაამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ან შეხება ექნება მათთან. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს ქმედებას, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს მისი ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ფუჭი და პოპულისტური. მე მოვუწოდებ ყველას, რომ შეეშვას პოპულისტურ განცხადებებს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მას წლის დასაწყისში ისედაც დაგეგმილი ჰქონდა პარლამენტში მისვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0