საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

20/10/2017

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ, ისე, მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში.
მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იგივე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.
საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0