საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვია

03/12/2017

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება.
საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შვეიცარიას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოსა და რუსეთის თემატიკაში. შეხვედრებისას განსახილველ საკითხებს შორის სწორედ ოკუპაცია და ის პრობლემები იქნება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს.
“იწყება შვეიცარიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს და შვეიცარიას განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებთ და ამ თანამშრომლობის დინამიკა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საკმაოდ აქტუალურია. შვეიცარიას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოსა და რუსეთის თემატიკაში და, ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ერთერთი უმთავრესი თემა სწორედ ოკუპაცია და ის პრობლემები იქნება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობაში ეკონომიკური კომპონენტი – შვეიცარიის დახმარება, რომელიც გამოიხატება კონკრეტული პროექტების განვითარებაში; ასევე, მნიშვნელოვანია, თავად ქვეყნის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხი. მიმოხილული იქნება აბსოლუტურად ყველა ასპექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს თანამშრომლობა, რომელსაც დღეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0