სიმბოლურია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაემთხვა

26/05/2017

„ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ შოთა რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფ მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
„გილოცავთ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შრომის ისტორია და ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენთვის რუსთაველი არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილე ქართველ ხალხს ასევე მიულოცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, მშვენიერ თბილისში, რათა წარმოვადგინო ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. შემდგომი დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ვისარგებლებ შესაძლებლობით და მივულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
მოხიბლული ვარ ამ საზეიმო ღონისძიებით და მასში ხალხის მონაწილეობით, ასევე მივულოცავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის,“-განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.
ირაკლი კობახიძე და პაოლო ალი, საქართველოს პარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0