სოფელ ზოტში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

17/10/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა. დღეს ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ზოტში გზის ნაწილი ჩაანგრია და 250-მდე კომლი გარესამყაროს მოწყვიტა.
გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, სოფელ ზოტში სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. პრობლემის აღმოსაფხვრელად დილიდანვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის აღდგენითი სამუშაოები და გზა უკვე გაიხსნა. მისივე თქმით, სამ დღიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და სტიქიით გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდება.
გურიაში ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და წაღებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები და მილ-ხიდები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, განვითარდა მეწყრული პროცესები.
სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. მონაცემები პერიოდულად იცვლება, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ წუთებში გურიაში აღარ წვიმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0