სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

07/10/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ დღეს ოჯახთან ერთად ესტუმრა, დაათვალიერა პავილიონები და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება რეგიონის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ფესტივალი ბათუმში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზეა წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად – ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. სტუმრებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0