„ქარიშხალი 2017“ დასრულდა

13/10/2017

ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. დასკვნით ეტაპზე სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, „მსტა“ ბატალიონის ერთი ბატარეა, 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნების ერთი ბატარეა, 82 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნების ერთი ოცეული, სატანკო ასეული, ტანკსაწინააღმდეგო ოცეული და სნაიპერები იყვნენი მიზიდულები.
სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შეტევითი ოპერაცია შეასრულეს. მათ მიზანს მოწინააღმდეგის განადგურებით ობიექტის დაპყრობა წარმოადგენდა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი, შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. გენერლებმა სპეციალურ ბრიფინგზე „ქარიშხალი 2017“-ის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებულ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით – „ქარიშხალი 2017“-ში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლნენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0