ძირულა-ჩუმათელეთის გზის პროექტის განსახლების გეგმის განხორციელება იწყება

11/10/2017

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლაშისა და საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, განსახლების გეგმაში ჩართულ, მოსახლეობასთან გამართეს.
შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ლაშისა და საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლები კახა კვინიკაძე და კობა ყრუაშვილი იმყოფებოდა.
როგორც სავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ძირულა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, ხოლო განსახლებისთვის საჭირო თანხა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. ძირულა-მოლითის გზის მონაკვეთზე, პროექტის ზემოქმედების ქვეშ 84 მიწის ნაკვეთია მოქცეული.
განსახლების კონსულტანტმა ეს ენ ჯენამ ძირულა-ჩუმათელეთი გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების: „შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობას მათი საკუთრების კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია გავაცნოთ. ჩვენი სურვილია, რომ პროექტი წარამატებით განხორციელედეს, რისთვისაც საჭიროა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და მათთან თანამშრომლობა.“
შეხვედრაზე განსახლების გეგმის შესახებ ისაუბრა, ასევე, განსახლების გეგმის კონსულტანტმა სოსო გორგოძემ. მისი განმარტებით, როდესაც მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა მოხდება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გზაზე სამშენებლო სამუშაოები. სოსო გორგოძე შეკრებილ მოსახლეობას საჩივრების შესახებაც ესაუბრა – „საჩივრების განხილვის მექანიზმი შემუშავდა, როგორც მუნიციპალიტეტის ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის დონეზე, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება მათთვის მიუღებელ საკითხზე პრეტენზიები გამოთქვან. თუ მუნიციპალურ დონეზე ვერ გადაწყდა საკითხი, საჩივარს შემდეგ განიხილავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომისია, შემდეგ კი – იგზავნება სხვა ინსტანციებში. “
შეხვედრაზე მყოფმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მშენებლობისა და ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად შესაძლებელია საცხოვრებელ სახლები დაზიანდეს. მათ ასევე, იმ მიწის ნაკვეთებზე ისაუბრეს, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, თუმცა არ ჰქონდათ დარეგისტრირებული. შემდეგ კი აღნიშნული ნაკვეთები რკინიგზის წითელ ზოლში მოექცა.
როგორც საავტომობილო გზების წარმომადგენელმა განაცხადეს, მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რკინიგზის დეპარტამენტთან აუცილებლად განიხილავს.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მოსახლეობის მოსაზრებებს აუცილებლად გაითვალისწინებენ და დანაკარგი აუცილებლად საერთაშორისო ნორმების დაცვით ანაზღაურდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0